like

Friday, February 13, 2015

21-ე საუკუნის ხელოვნება

საინტერესოა, რა ადგილს მიუჩენს ოცდამეერთე საუკუნე მხატვრობას!? განსაკუთრებით კი ვიზუალური ხელოვნების იმ ნაწილს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ან საერთოდ არ იყენებს, ან მას მხოლოდ იმდენად შეზღუდულად მოიხმარს, რომ მისი კვალი საბოლოო პროდუქტზე არ აისახება.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ, კომპიუტერული ტექნიკისა და გრაფიკის გაჩენამ,  საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები დასვა: რა ფაზაში იმყოფება დღეს სახვითი ხელოვნება და რა არის მისი მომავალი? როგორ ურთიერთკავშირში იქნება და რა გავლენას მოახდენს ერთმანეთზე ციფრული და ტრადიციული ხელოვნების დარგები?! ეს ის საკითხებია, რომელიც ძალიან მაინტერესებს, რომელზეც ხშირად ვფიქრობ და მინდა ეს ფიქრები აქ, ამ ბლოგზე გაგიზიაროთ. ამასთანავე, თქვენი მოსაზრებებიც მოვისმინო.

დავიწყოთ გარკვეული ისტორიული ექსკურსით...

ხელოვნების ისტორია ყოველთვის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა კაცობრიობის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ტექნოლოგიურ განვითარებას; ასე, მაგალითად, ევროპაში ჰუმანიზმის იდეების მომძლავრებამ და ჩრდილოეთით  პროტესტანტული რეფორმაციის დაწყებამ, სახვით ხელოვნებაში გააჩინა ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენები, რომლებიც მანამდე ფაქტობრივად, საერთოდ არ გვხვდებოდა და ხელოვნება მხოლოდ წმინდანებისა და მონარქების თემებით იყო მოცული. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ პიტერ ბრეიგელის "გლეხების ქორწილი", სადაც გამოსახულნი არიან უბრალო ნიდერლანდელი გლეხები-სრულიად უცნობი ადამიანები. გინახავთ მე-16 საუკუნემდე ასეთი მხატვრობა?! ვერ ნახავდით, რადგან ეს ჰუმანიზმისა და რეფორმაციის ანარეკლია სახვით ხელოვნებაში, ვინაიდან აზროვნების სწორედ ახალმა მიმდინარეობებმა აქცია უბრალო მოკვდავი ინტერესისი ობიექტად.


მეორე მაგალითი  სახვით ხელოვნებაზე ტექნოლოგიური ინოვაციის ზეგავლენას ეხება. მე-19 საუკუნეში ფოტოგრაფიის გამოგონებამ და მისმა სწრაფმა განვითარებამ სახვითი ხელოვნება კითხვის წინაშე დააყენა- რა საჭირო იყო მხატვრობა და განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც ბუნება მაქსიმალურად, რეალისტურად უნდა აესახა? ამ თემაზე ფიქრმა უბიძგა მხატვრობას, მრავალი ისეთი სტილის განვითარებისკენ, რომელიც ბუნებრივ რეალობას კი არ გადმოსცემდა, არამედ მის მხატვრისეულ ინტერპრეტაციას გვაძლევდა. (იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, კუბიზმი და ასე შემდეგ) მაშინ საზოგადოებას ძალიან უჭირდა ამ ახალი მიმდინარეობების მიღება, რადგან ისინი ტრადიციულ ხელოვნებას იყვნენ მიჩვეულები. კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვიეს იმპრესიონისტები, როდესაც მათ გაბედეს და პარიზის სალონზე პირველად გამოფინეს თავიანთი, ჯერ კიდევ, იმპრესიონიზმად არ მონათლული ტილოები.

რა თქმა უნდა, ზემოთ ხსენებულ მაგალითებზე არც ადამიანის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი განვითარება და არც მისი  ტექნოლოგიური წინსვლა არ შეჩერებულა. განვითარება გრძელდება და ყოველდღიურად ახდენს გავლენას, როგორც ჩვენს ხელოვნებაზე, ასევე საზოგადოებაზე.
ისტორიაზე ვსაუბრობდით და გაგახსენებთ რომ, მხატვარი, ისტორიულად ერთგვარი ჰიბრიდი იყო ხელოსანსა და ფილოსოფოსს შორის. მას უნდა ეაზროვნა, როგორც ფილოსოფოსსა და მეცნიერს, მისი ხელი და თვალი უნდა ყოფილიყო უმაღლესად გაწვრთნილი გარკვეული ხელობის აღსასრულებლად. მომავალში ეს უკანასკნელი მონაცემი სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდება, რადგან ხელოსნობის ნაწილს კომპიუტერი და ახალი ტექნოლოგიები შეითავსებს, ხოლო პირველი ანუ ფილოსოფიურ-აზროვნებითი მხარე, სულ უფრო წინა პლანზე გადმოინაცვლებს.
ასე რომ, ინტერესითა და შემოქმედებითი სულისკვეთებით განმსჭვალული, ვქმნი ჩემს მხატვრობას და სულმოუთქმელად ველი რას მოუტანს ჩვენი საუკუნე მომავალ სახვით ხელოვნებას ...

http://www.mirza-art.com/
 

LIKE OUR FACEBOOK PAGE