like

Friday, March 27, 2015

მარადიული აღმოსავლეთი

 "არის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნუ ფიქრობთ არიან ერთი,
სანამ ცა არსებობს ან მიწა ასეთი რომლებსაც დასცქერის ღმერთი,
მაგრამ მწამს ორივე უმალვე განდგება სხვაობაც ეშმაკმა იცის,
თუ ორი ვაჟკაცი პირისპირ დადგება საზღვარზე ცისა და მიწის." 

რუდიარდ კიპლინგი 1889თარგმანი კოტე ყუბანეიშვილის

                                                                        ვან გოგის მიერ მის სახელოსნოში შესრულებული პორტრეტი იაპონური სურათებით ფონაზე
მე-19 საუკუნე იყო პერიოდი როდესაც აღმოსავლეთმა და დასავლეთმა ერთმანეთთან დაახლოვება დაიწყო. პარიზის მსოფლიო გამოფენებმა 1878, 1889, 1900 წლებში მხატვრებსა და ინტელექტუალებს საშუალება მისცა უკეთ გასცნობოდნენ აღმოსავლურ ხელოვნებას. თუ ამ პერიოდის ხელოვნებაში მიმდინარე ტენდენციებს დავაკვირდებით ვნახავთ, როგორ უთმობს ევროპულ სახვით ხელოვნებაში იტალიური რენესანსის დროიდან გამეფებული სფუმატო (შუქ-ჩრდილის რბილი გადასვლები) ადგილს იაპონურ პლაკატურობას. ამ ტრანზიციის საუკეთესო მაგალითად ალბათ ვან გოგის ფერწერა გამოდგება. მხატვრის სურათები მისი პარიზში გადასახლების შემდეგ რადიკალურად იცვლება. შუქ-ჩრდილსა და სივრცეს სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და მთელი აქცენტი ნათელ ფერებსა და კონტურზე გადადის, რითაც სულ უფრო და უფრო ემსგავსება იმ იაპონურ სურათებს, რომლებსაც ის აგროვებდა და თავის სახელოსნოში კედლებზე კიდებდა.



                                                                                                                                          წვიმის შემდეგ. 2014. ზეთი ტილოზე.
ასე ხდება, რაც მოგწონს, დიდ ხანს აკვირდები, ტკბები მისი ესთეტიკით, და გინდა ეს თუ არა, საბოლოოდ, იგი ასახვას შენს ხელოვნებაშიც ჰპოვებს.

ერთი წლის წინ, არ ვიცი საიდან, თავში იდეები მომივიდა და ნახატების ახალი სერია შევქმენი-წვიმების სერია ჰქვია. ნახატები ბრტყელია, არავითარი სივრცე, არც ფორმები. ხელით ნაქსოვი ხალიჩასავით აქვს ჩაწნული სხვადახვა ფერები, რომლებიც ერთმანეთს არ ერევა. უბრალოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან და შორიდან თუ შეხედავ, მხოლოდ მაშინ აღიქმებიან ერთ მთლიანობად. მოკლედ ხალიჩასავითაა.

ახლახან მივხვდი თუ საიდან მომივიდა თავში მათი ხატვის იდეა....

ჩემს ბავშვობაში საზაფხულო არდადეგებს ხშირად სოფელში ვატარებდი, ბებიაჩემის ოლღა ნადარეიშვილის სახლში. ძველი ტრადიციული ხის სახლი იყო. ზუსტად იმის ანალოგი, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რომ დგას. სხვათა შორის მუზეუმშიც ჩვენი სოფლიდან ჩაუტანიათ. იმ ოთახში, სადაც მე მეძინა ხოლმე, ლოგინის გვერდით კედელზე ერთი ძველი ხალიჩა ეკიდა. ძალიან ლამაზი იყო. რაღაც უცნაური ფორმის ორნამენტები ჰქონდა და ფერებიც ისეთი იყო, ბავშვის ფანტაზიას რომ მოიტაცებს და, სადღაც, ზღაპრულ სამყაროში რომ წაიყვანს.                                                
როგორც ყველა ბავშვს, მეც არ მინდოდა ხოლმე ადრე                    დაძინება. აივანზე უფროსების მოსმენა მერჩივნა, მაგრამ ვინ მოგცემდა ამის ნებას. მაიძულებდნენ დავწოლილიყავი და დამეძინა. მეც სხვა რა გზა მქონდა, ვწვებოდი კედლისკენ, ანუ ხალიჩისკენ გადავბრუნდებოდი ხოლმე-ვითომ მეძინა. სინამდვილეში თვალები ფართოდ მქონდა გახელილი და ამ ხალიჩას ვუყურებდი, არა იმიტომ რომ ყოველთვის მისი ყურება მინდოდა, არამედ იმიტომ რომ თავი მძინარედ მომეჩვენებინა ბებიასთვის. ვინ იცის, რამდენი საათი მაქვს მის ყურებაში გატარებული...
 
გავიდა წლები... ერთხელ, ოლღა ბებიამ გვერდით დამისვა და ამ ხალიჩის შეძენის ამბავი მომიყვა. თურმე, თბილისში შეუძენია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მითხრა ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ იმდენად მომეწონა, რაც დანაზოგი მქონდა, არ დავიშურე და მაინც ვიყიდეო. მინდა ეს ხალიჩა შენ გაჩუქო და რამე კარგ საქმეში თუ დაგჭირდა ფული, იმ შემთხვევაში გაყიდეო.

ეს კარგი საქმეც გამოჩნდა. 1994 წელს გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად გადავწყვიტე წასვლა და ფული დამჭირდა. გავიკითხე რა გირს ეს ხალიჩა მეთქი და მხოლოდ მაშინ, როდესაც მის შესაძენად კოლექციონერი სპეციალურად თელავივიდან ჩამოფრინდა,გავიგე მისი ნამდვილი ფასიც და სახელოვნებო ღირებულებაც. ის ძველი ტრადიციული შირვანული ხალიჩა აღმოჩნდა. შირვანი კავკასიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე რეგიონია რომელიც ირანთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, რა თქმა უნდა, სპარსული კულტურის დიდ გავლენასაც განიცდიდა ყოველთვის. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ისეთი უნიკალური ტრადიციის განვითარებას, როგორიცაა შირვანული ხალიჩები. მათში თავს იყრის როგორც კავკასიური ორნამენტიკა, ასევე, სპარსული სალიჩის ქსოვის ხელოვნება. ყველაზე იდუმალებით მოცული ის ფიგურებია, რომლებსაც ამ ხალიჩებზე ნახავთ. მათში ყველა იმ კულტურის ანარეკლს დაინახავთ, რასაც აბრეშუმის გზის იმ მონაკვეთზე გაუვვლია რომელზეც შირვანის რეგიონი მდებარეობს, დაწყებული ტიბეტური სვასტიკებით, დამთავრებული ბრიტანეთის კუნძულების ძველი მოსახლეობის პიქტების მიერ ქვაში გამოთლილი ორნამენტებით. საიდან სადაო?! - იტყვის კაცი. სად ბრიტანეთი, ტიბეტი და სად კავკასიაო?! მაგრამ ფაქტია, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა დიალოგი პარიზის მსოფლიო გამოფენაზე გაცილებით ადრე უარსებია და საკმაო გავლენაც მოუხდენიათ ერთმანეთზე.
აი, ახლა, ვზივარ ჩემს სახელოსნოში, ჩვენი პლანეტის უკიდეურეს დასავლეთში, კალიფორნიაში და ვუყურებ ჩემს ნახატებს, რომლებიც როგორც აღმოჩდა, შირვანული გავლენით დამიხატავს! აი, ასეთია მარადიული აღმოსავლეთი

მირზა (პაპუნა) დავითაია 

No comments:

LIKE OUR FACEBOOK PAGE